ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი – ჩვენ კამპანია დავიწყეთ არსებითი საფრთხის აღმოსაფხვრელად, ვაღრმავებთ დარტყმებს და განვაგრძობთ, ვიდრე ეს საფრთხე არ აღმოიფხვრება
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია მზად არის, განაგრძოს ომი ირანთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ განზრახ, ორგანიზებული გეგმით, არსებითი საფრთხის აღმოსაფხვრელად. გვაქვს სტრუქტურირებული გეგმა. ვაღრმავებთ დარტყმებს და განვაგრძობთ, ვიდრე ეს საფრთხე არ აღმოიფხვრება“, – განაცხადა დეფრინმა.
ამასთან, დეფრინმა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლაც“ გააკრიტიკა. მისი თქმით, დაჯგუფება ზეწოლის ქვეშაა და ლიბანის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
„„ჰეზბოლა“ თავის ირანელ ბატონს ემსახურება. ის არა მხოლოდ არ იცავს ლიბანს, არამედ აზარალებს. ჩვენ განვაგრძობთ მასზე დარტყმებს, ვიდრე განიარაღებული არ იქნება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.