ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური თანამდებობას 6 მარტს დატოვებს. ამის შესახებ ჰერცი ჰალევიმ თავად განაცხადა.
ჰალევიმ აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმაა. ჰერცი ჰალევის თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს უსაფრთხოების იმ ხარვეზებზე, რომლის დროსაც „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა შეძლო.
„7 ოქტომბრის დილას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვერ შეასრულა თავისი მისია და ვერ დაიცვა ისრაელის მოქალაქეები. ჩემს პასუხისმგებლობას ამ საშინელ წარუმატებლობაზე თან ვატარებ ყოველდღე, ყოველ საათს და ასე იქნება ჩემი ცხოვრების ბოლომდე“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰერცი ჰალევის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს.