ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზიდან 400 000-მდე პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზიდან 400 000-მდე პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქალაქ ღაზიდან 400 000-მდე პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.

ქვეყნის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაემ განაცხადა, რომ ქალაქის დასატოვებლად დროებითი მარშრუტი მხოლოდ მომდევნო 48 საათის განმავლობაში იქნება ღია. მან პალესტინელებს ქალაქ ღაზის დროულად დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც მედია წერს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის ძალები დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადებას დაიწყებდნენ, ქალაქ ღაზაში დაახლოებით ერთი მილიონი პალესტინელი ცხოვრობდა.

შეტევის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქის ყველა რაიონში მცხოვრებ პალესტინელებს დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ და სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზის ოკუპაციისთვის სახმელეთო შეტევა 16 სექტემბერს განაახლეს. „აქსიოსის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამწვავდა და მოსახლეობას საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვს. მათივე ცნობით, ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.