ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანის საზღვარზე ტაქტიკური ღონისძიება დაიწყეს
ისრაელელმა ჯარისკაცებმა ლიბანის ტერიტორიაზე დაიწყეს მოქმედება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.
მათივე ცნობით, ისრაელის ჯარები ლიბანის სამხრეთ ნაწილში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი „გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში“.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს არის „საზღვარზე ტაქტიკური ღონისძიება“ და არა ლიბანის შიგნით ფართო სახმელეთო ოპერაციის ნაწილი.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ფენის შექმნაზე მუშაობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხდებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ქვეყნის თავდაცვის ძალებს ლიბანში დამატებითი სტრატეგიული ტერიტორიების დაკავებისა და წინსვლის უფლება მისცეს, რათა ისრაელის სასაზღვრო დასახლებებზე ცეცხლის გახსნა თავიდან აიცილონ.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ მოქმედებას აგრძელებენ. ტერორისტული ორგანიზაცია საფასურს იხდის და გააგრძელებს მძიმე საფასურის გადახდას ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისთვის“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელი გალილეას თემებს უსაფრთხოებას დაჰპირდა და სწორედ ამას გააკეთებს.