ისრაელის შსს-მ ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შესვლის წესები შეცვალა
ისრაელის შსს-მ ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შესვლის წესები შეცვალა

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შესვლის წესები შეცვალა. შესაბამის ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური მისიის ცნობით, ისრაელში ჩასასვლელად საჭიროა ისრაელის შსს-ს წინასწარი ნებართვა, რომლის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფორმის შევსებით.

დადგენილია 5 ათასი ადამიანის კვოტა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ისრაელში ჩასვლა. ამ კვოტის ნაწილი ისრაელმა უკვე მიიღო.

უკრაინის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში გამგზავრებამდე გაითვალისწინონ, რომ ისრაელი არ იღებს უკრაინიდან ლტოლვილებს. ამასთან, ისრაელის მთავრობის მიერ დადგენილია პირთა პრიორიტეტული კატეგორიები, რომლებსაც ისრაელში შესვლა გარკვეული პირობებით შეუძლიათ (მაგალითად, ისრაელის მოქალაქეების მეუღლეები, შვილები; მოქალაქეები, რომლებსაც განაცხადი ჰქონდათ შეტანილი ისრაელის მოქალაქეებთან ოჯახების გაერთიანებაზე, ახალი რეპატრიანტები და სხვა).

საელჩოს ცნობით, პირს, რომელიც ისრაელში შესვლას ტურისტის სტატუსით ცდილობს, არ შეუძლია, ქვეყანაში შეუფერხებლად შესვლა.

უკრაინის საელჩო მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, აუცილებლად გაითვალისწინონ აღნიშნული ინფორმაცია და არ ჩავიდნენ ისრაელში ნეგატიური სავიზო ისტორიის არსებობის შემთხვევაში.