ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის ბილეთების გაყიდვა შეაჩერა
ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის ბილეთების გაყიდვა შეაჩერა

ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (Kan) ევროვიზიის კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა შეაჩერა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „თაიმს ოფ იზრაელი“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ბილეთების ოფიციალური გამყიდველის მხრიდან დარღვევებს უკავშირდება.

ევროვიზია თელ-ავივში მაისში უნდა გაიმართოს.

მედიის ცნობით, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო კომიტეტი ეჭვობს, რომ გასულ კვირას გაყიდული ასობით ბილეთის გადაყიდვა ხდებოდა. ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა გილად ერდანმა პოლიციას საქმის გამოძიება დაავალა.

როგორც ისრაელის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაციის განცხადებაშია აღნიშნული, საზედამხედველო კომიტეტმა გამოავლინა ბილეთების გაყიდვის პროცესში სხვადასხვა მხარის მიერ ჩარევის მცდელობა.

კერძოდ, არენის საუკეთესო ადგილები გაიყიდა სპორტისა და მედიის სფეროს ტოპ-მენეჯერებზე და არ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს მიერ დადგენილ პრინციპებს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ბილეთების გაყიდვა არალეგალურად დადგენილ ფასზე ორჯერ და მეტჯერ ძვირად ხდებოდა, ზოგჯერ ბილეთის ფასი 1400 დოლარსაც აღწევდა.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, ბილეთების გაყიდვა შეჩერდება გამოძიების დასრულებამდე, რის შემდეგაც ის ბილეთები, რომელთა არალეგალურად გაყიდვა დადასტურდება, კვლავ იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

2019 წლის ევროვიზიის კონკურსის ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს დაიწყო. ბილეთების პირველი ხელმისაწვდომი ნაწილი 10 წუთშივე გაიყიდა. თელ-ავივში მუსიკალურ კონკურსზე დასასწრები ბილეთების სხვადასხვა კატეგორიის ფასი 100-დამ 550 დოლარამდე მერყეობს.