ისრაელის საზღვაო ძალებმა პალესტინელების ნავს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ერთი პალესტინელი ემსხვერპლა
ისრაელის საზღვაო ძალებმა პალესტინელების ნავს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ერთი პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავს, რომელშიც სამი პალესტინელი იმყოფებოდა. მათგან ერთი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა გააკეთა.

მისივე თქმით, საზღვაო ძალებმა ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნავი მათ გაფრთხილებებს არ დაემორჩილა და გეზი აკრძალული ტერიტორიისკენ აიღო ისრაელის წყლების მიმართულებით.

ღაზის მეთევზეთა კავშირში კი აცხადებენ, რომ ნავი ისრაელელების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ის უკან, ღაზის სექტორისკენ მიემართებოდა და არავითარი ლიმიტი არ დაურღვევია.

ისრაელი ღაზის სექტორში, სადაც „ჰამასის“ ისლამისტები დომინირებენ, საზღვაო ბლოკადას ინარჩუნებს. ისრაელი მიმდებარე წყლებში პატრულირებას აწარმოებს, რათა ანკლავის იარაღით მომარაგებას შეუშალოს ხელი, ასევე არ დაუშვას „ჰამასის“ მებრძოლების მიერ წყლიდან თავდასხმა.