ისრაელის სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში 1 968 პალესტინელი გათავისუფლდა
ისრაელის სასჯელაღსრულების სამსახური აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში 1 968 პალესტინელი პატიმარი და დაკავებული გათავისუფლდა.
პალესტინელთა გათავისუფლება ისრაელის ციხეებიდან ორ ჯგუფად მოხდა. ერთი ნაწილი ოფერის ციხიდან დასავლეთ სანაპიროზე გადაიყვანეს, მეორე ნაწილი კი – კეციოტის ციხიდან ღაზასა და ისრაელს შორის მდებარე კერემ შალომის გადასასვლელ პუნქტთან.
პალესტინელი პატიმრების გადაყვანა ისრაელის სასჯელაღსრულების სამსახურის ოფიცრებისა და პოლიციის თანხლებით მოხდა. შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა უკვე დაიბრუნა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 20 მძევალი. დაღუპულთა ცხედრების გადაცემა კი მოგვიანებით მოხდება.