ისრაელის სამართალდამცავი უწყებები ეძებენ ექვს პალესტინელ პატიმარს, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხიდან გაიქცნენ
ისრაელის სამართალდამცავი უწყებები ეძებენ ექვს პალესტინელ პატიმარს, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხიდან გაიქცნენ

ისრაელის სამართალდამცავი უწყებები ეძებენ ექვს პალესტინელ პატიმარს, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხიდან გაიქცნენ. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, მათ გაქცევა გილბოას ციხის საკნის იატაკიდან გვირაბის გათხრის შედეგად შეძლეს.

გაქცეულ პირებს შორის არიან დაჯგუფება „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის“ ყოფილი მეთაური, ასევე „ისლამური ჯიჰადის“ ხუთი წევრი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გილბოას ციხიდან პატიმრების გაქცევის შესახებ ხელისუფლებამ ადგილობრივი ფერმერებისგან შეიტყო, რომლებმაც შესაბამის უწყებებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მახლობლად „საეჭვო ფიგურების“ შესახებ აცნობეს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ პატიმრებს კონტრაბანდული მობილური ტელეფონის საშუალებით კონტაქტი ჰქონდათ ციხის გარეთ მყოფ პირებთან, რომლების გაქცეულებს მანქანით დახვდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „ისლამური ჯიჰადის“ ხუთი გაქცეული წევრიდან, ოთხი სამუდამო პატიმრობას იხდიდა თავდასხმების დაგეგმვისა ან განხორციელების ბრალდებით, მეხუთე ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის“ ყოფილ მეთაურს ზაქარია ზუბეიდის, ის 2019 წელს დააკავეს რამდენიმე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით. მისი საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ და სამხედროებმა, რომლებიც გაქცეული პატიმრების ძებნაში მონაწილეობენ, ბლოკპოსტები განათავსეს, რათა ძებნილებმა დასავლეთ სანაპიროსა ან იორდანიაში გადასვლა ვერ შეძლონ.

მომხდარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან ომერ ბარ-ლევისთან განიხილა.