ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელ გავრიელ აშკენაზს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორmაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას და ქართველ ხალხს გულითადად მიულოცა ეროვნული დღესასწაული. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ისრაელს შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო, თბილ ურთიერთობებს და დაადასტურეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განახლების მზადყოფნა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში.

კიდევ ერთხელ გამოიხატა კმაყოფილება ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე, საქართველოსთან, როგორც უსაფრთხო ქვეყანასთან, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. აღინიშნა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს შთამბეჭდავი წარმატება და ქართული მხარის მზაობა უმასპინძლოს ტურისტებს ისრაელიდან.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს არსებული ისტორიული ხალხთაშორისო კავშირების გააქტიურების საკითხებზე და შეთანხმდნენ გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა ვიზიტით ისრაელში მიიწვია.