ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ქმედება მკაცრ პასუხს იმსახურებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ხომალდის ოპერატორი ისრაელური კომპანიის „ზოდიაქ მერითაიმის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ეკიპაჟის ორი წევრი – რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ისრაელური კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ არ გამორიცხავს შესაძლო მეკობრეობას, ხოლო ომანის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრში მომხდარს აღწერენ როგორც ავარიას, რომელიც ომანის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ მოხდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ ის ესაუბრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ინციდენტთან დაკავშირებით მკაცრი პასუხის საჭიროებაზე.

„ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის არის ტერორიზმის, დესტრუქციის და არასტაბილურობის ექსპორტიორი, რომელიც ყველა ჩვენგანს აზარალებს“, – ნათქვამია ლაპიდის განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა დრონის გამოყენებით განხორციელებულიყო.
ირანის ხელისუფლებას ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ ისრაელელ მილიარდერ ეიალ ოფერის ოჯახს ეკუთვნის.

დატოვე კომენტარი