ისრაელის პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რათა არჩევნების კიდევ ერთი ტურის ჩატარება თავიდან აიცილონ

18:51, 28.10.2026

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რათა არჩევნების კიდევ ერთი ტურის ჩატარება თავიდან აიცილონ, – ამის შესახებ The Times of Israel-ი იუწყება.

„განსაკუთრებით გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არჩევნების კიდევ ერთი ტური თავიდან ავიცილოთ. ამიტომ ველოდები, რომ ყველა, ვინც აქ მოვა, საკითხს ღია გონებით მიუდგება“, — განაცხადა ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, მომავალ კვირას ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელოდება. ამის შემდეგ ჰერცოგი ქნესეთში წარმოდგენილი თითოეული ფრაქციის წარმომადგენლებთან ახალი მთავრობის ფორმირების საკითხზე კონსულტაციებს გამართავს.

ამასთან, ისრაელის პრეზიდენტმა არჩევნებში ამომრჩეველთა განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დადებითად შეაფასა და მას „ისრაელის საზოგადოების ღირსების ნიშანი“ უწოდა. მისივე განცხადებით, ეს აქტივობა აჩვენებს, რამდენად ძლიერია ისრაელელების „სურვილი დემოკრატიის მიმართ“.

მსგავსი