ისრაელის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ოფიციალურ მიღებასა და ვახშამზე უმასპინძლა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო [ვიდეო]

ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მსოფლიო ლიდერებს ოფიციალურ მიღებასა და ვახშამზე უმასპინძლა.

იერუსალიმში გამართულ მიღებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ასევე გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინამეირი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხორვატიის მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და სხვა ლიდერები.

„მე ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ ამ ოთახიდან ჩემი გზავნილი მიაღწევს ყველა ქვეყანას დედამიწაზე, რომ მსოფლიოს ლიდერები გაერთიანდნენ ბრძოლაში რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა რივლინმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

იერუსალიმში ვიზიტით მყოფი ლიდერები აუშვიცის საკონცენრტაციო ბანაკის გათავისუფლების 75-ე წლისთავისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრებიან.

23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებაზე ასევე ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსსა და გაერთიანებული სამეფოს პრინც ჩარლზს.