ისრაელის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა მას ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება სთხოვა
ისრაელის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა მას ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება სთხოვა

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა მას ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება სთხოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე აბსოლუტურად პატივს ვცემ ისრაელის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მის მოთხოვნებს, მე მჯერა, რომ ეს „საქმე“ ბიბის (ბენიამინ ნეთანიაჰუს) წინააღმდეგ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა ჩემთან ერთად, მათ შორის ისრაელის ძალიან მკაცრი მოწინააღმდეგის, ირანის წინააღმდეგ, პოლიტიკური, გაუმართლებელი დევნაა“, – ნათქვამია ტრამპის წერილში, რომელიც ჰერცოგის ოფისმა გაავრცელა.

ისრაელის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შეწყალების მსურველმა ნებისმიერმა პირმა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ოფიციალური მოთხოვნა უნდა წარადგინოს.

ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუს 2019 წელს ბრალი წაუყენეს სამ საქმეში, მათ შორის, ბიზნესმენებისგან საჩუქრების სახით თითქმის 700 000 შეკელის (211 832 აშშ დოლარი) მიღების ბრალდებებში.

ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა.

თავად პრემიერი აცხადებს, რომ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოა. მან სასამართლოს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.