ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციაა, რომ „ჰამასის“ განადგურების შემდეგ ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოების კონტროლი ღაზაზე, ეს ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციაა, რომ „ჰამასის“ განადგურების შემდეგ ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოების კონტროლი ღაზაზე, ეს ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„პრეზიდენტ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა, ნეთანიაჰუმ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ „ჰამასის“ განადგურების შემდეგ ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოების კონტროლი ღაზაზე, რათა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ეს კი ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ არ ეწინააღმდეგება ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას.

„ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა ნეთანიაჰუს მმართველობის დროს შეუძლებელი არ არის. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის რამდენიმე სახეობა არსებობს. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც გაერო-ს წევრია და ჯერ კიდევ არ ჰყავს საკუთარი სამხედროები და არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებობს გზები, რომლის მეშვეობითაც, ამან, შესაძლოა, იმუშაოს. ნეთანიაჰუს არ უთქვამს, რომ ის ეწინააღმდეგება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს, გუშინ შედგა.