ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ბენიამინ ნეთანიაჰუ 11 თებერვალს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება, მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 11 თებერვალს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება. ამის შესახებ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ.
„პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ნებისმიერმა მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვები და ირანული ღერძის მხარდაჭერის შეწყვეტა“, – აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ცნობისთვის, 6 თებერვალს ირანელმა და ამერიკელმა წარმომადგენლებმა ომანის დედაქალაქ მასკატში მოლაპარაკებები გამართეს ბირთვული პროგრამის საკითხზე. მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის შუამავლობით წარიმართა. როგორ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თეირანი არ დაეთანხმება ურანის გამდიდრების შეწყვეტას საკუთარ ტერიტორიაზე.
ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრა მეშვიდე იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი 2025 წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდა.