ისრაელის პრემიერ-მინისტრი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კრიტიკას არ იღებს და აცხადებს, რომ ვერ მიესალმება ზეწოლას, თუნდაც საუკეთესო მეგობრებისგან
ისრაელის პრემიერ-მინისტრი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კრიტიკას არ იღებს და აცხადებს, რომ ვერ მიესალმება ზეწოლას, თუნდაც საუკეთესო მეგობრებისგან

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კრიტიკას არ იღებს და აცხადებს, რომ ვერ მიესალმება საზღვარგარეთის ზეწოლას, თუნდაც საუკეთესო მეგობრებისგან.

„ჩემი ადმინისტრაცია მოწოდებულია, გააძლიეროს დემოკრატია ხელისუფლების სამ შტოს შორის სათანადო ბალანსის აღდგენის გზით, რასაც, ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ ფართო კონსენსუსით. ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ხალხის ნებით და არა უცხოეთიდან, მათ შორის საუკეთესო მეგობრების ზეწოლაზე დაყრდნობით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ისრაელის დემოკრატიის სიჯანსაღესთან დაკავშირებით და რომ ისრაელი ამ გზას ვერ გააგრძელებს.

„ისრაელის ბევრი ძლიერი მხარდამჭერის მსგავსად, ძალიან შეშფოთებული ვარ. მაწუხებს, რომ ისინი ამას პირდაპირ მიიღებენ. იმედია, პრემიერ-მინისტრი იმოქმედებს ისე, რომ გარკვეული ჭეშმარიტი კომპრომისის შექმნას შეეცადოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ჩანს. ჩვენ არ გვინდა ჩარევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვერევით. მათ იციან ჩემი პოზიცია. მათ იციან ამერიკის პოზიცია. მათ იციან ამერიკელი ებრაელების პოზიცია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში მიწვევა არ იგეგმება.