ისრაელის პრემიერ-მინისტრმა 2 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა 2 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მივიდა მერონის მთაზე, სადაც რელიგიურ ფესტივალზე სცენის ჩამონგრევასა და ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ნეთანიაჰუმ 2 მაისი ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ისრაელის სახელმწიფოში ერთ-ერთ უმძიმეს კატასტროფად შეაფასა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე საზოგადოებას მოუწოდა, ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან მსხვერპლთა ნაწილი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

„ჩვენ ჩავატარებთ დეტალურ, სერიოზულ და სიღრმისეულ გამოძიებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი კატასტროფა აღარ განმეორდეს. მსურს, კვირა ეროვნული გლოვის დღედ გამოვაცხადო“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 150-ზე მეტი. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რელიგიურ ღონისძიებაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.