ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ირანის საფეხბურთო ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის საფეხბურთო ნაკრები წარმატებული თამაშისთვის შეაქო. ვიდეო მიმართვაში, რომელიც პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მოუწოდა, წინ აღუდგნენ ძალადობრივ მთავრობას, რომელიც მათ ძარცვავს და აშინებს.

„იცით, რა რთულია წინააღმდეგობა გაუწიო ისეთ დიდ ფეხბურთელს, როგორიცაა რონალდო?! დიახ, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ირანის ნაკრებმა ეს მოახერხა. ირანის ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო და მათ ფეხბურთის მოედანზე დიდი გამბედაობა გამოავლინეს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანელ ხალხს უთხრა, რომ ისრაელი არა მათთან, არამედ მათ მთავრობასთანაა დაპირისპირებული. მისი თქმით, ირანელი ხალხის პოტენციალი გაცილებით დიდია, მაგრამ მათი მთავრობა მილიარდობით დოლარს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ხელოვნურად ესკალაციაში ხარჯავს.

„ნაცვლად იმისა, რომ ირანის მთავრობამ თავისი ბიუჯეტი ირანში არსებული პრობლემების, ირანელი ხალხის პრობლემების გადაჭრას მოახმაროს, სირიასა და იემენში ომების გაღვივებაში ხარჯავს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე, როცა ისრაელის ნაკრები და ირანის ნაკრები ამხანაგურ მატჩს თავისუფალი თეირანის მოედანზე ითამაშებენ.

„მე ყოველთვის ვიდგები თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანელი ხალხის გვერდით და არ დავიღლები ამით.“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.