ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელს ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის დარღვევაში სდებენ ბრალს, რასაც თავად ნეთანიაჰუ კატეგორიულად უარყოფს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი სასამართლოს გამხსნელ სხდომას სავარაუდოდ დაესწრება, რომელიც იერუსალიმის საოლქო სასამართლოში ჩატარდება.

მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის ბრალის წარდგენა ისრაელის ისტორიაში პირველად მოხდა. ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულისთვის ბრალდებული პრემიერ-მინისტრი არ არის ვალდებული, რომ თანამდებობიდან გადადგეს. გასამართლების შემთხვევაშიც კი, ნეთანიაჰუს გადადგომის ვალდებულება იქამდე არ აქვს, ვიდრე რაიმე სახის აპელაცია იარსებებს. პროცესი შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს, თუმცა იგივე თანამდებობას 1996-1999 წლებშიც იკავებდა.

დატოვე კომენტარი