ისრაელის მთავრობას უფლება ექნება, გაავრცელოს იმ მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინას არ გაიკეთებენ
ისრაელის მთავრობას უფლება ექნება, გაავრცელოს იმ მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინას არ გაიკეთებენ

ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ექნება უფლება, გამოიყენოს და გაავრცელოს იმ მოქალაქეთა ვინაობა და პირადი მონაცემები, ვინც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, ადგილობრივ ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს კანონი მისცემს საშუალებას, მიიღოს იმ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები, ვინც ვაქინას არ გაიკეთებს. მონაცემებს შორის იქნება მოქალაქეთა სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.

როგორც მთავრობა ამტკიცებს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. კანონის ავტორების განმარტებით, ეს მისცემს საშუალებას სამთავრობო უწყებებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდონ კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც ჯერ არ არის აცრილი.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოსახლეობის ერთმა მესამედმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთა.