ისრაელის პარლამენტმა „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ კანონი მიიღო
ისრაელის პარლამენტმა „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ კანონი მიიღო

ისრაელის პარლამენტში „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ კანონი მიიღეს, რასაც ისრაელში აზრთა სხვაობა მოჰყვა. კანონის თანახმად, ისრაელის ტერიტორია ისრაელელების ისტორიულ მიწად განიხილება, ასევე მთავარ სახელმწიფო ენად ივრითს აღიარებს, ხოლო დედაქალაქად – იერუსალიმს.

აღნიშნულ კანონს, რომლის ინიციატორი მმართველი მემარჯვენე პარტია „ლიკუდია“, მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55 კი წინააღმდეგი იყო. კანონს „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ ქნესეთის 20 არაბი დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ისრაელში დემოკრატია დასრულდა.

კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად, კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ქნესეთმა კანონი მაინც დაამტკიცა.

კანონი ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადალა“ მწვავედ გააკრიტიკა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ახალი კანონი „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ ქვეყანაში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელს შეუწყობს.

ბოლო დღეებში მიმდინარე აზრთასხვაობისა და კრიტიკის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელში ნებისმიერი მოქალაქის უფლებები დაცული იქნება განურჩევლად მისი აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის უფლებებს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება უმრავლესობის ნება – გადაწყვეტილებას სწორედ უმრავლესობა იღებს”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

არაბულენოვანი მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ, მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ არაბული ენის სტატუსს აკნინებს.