ისრაელის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლისთვის ოფიციალურად იწვევს
ისრაელის პარლამენტის სპიკერი ამირ ოჰანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისთვის ოფიციალურად იწვევს. ოჰანამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის ლიდერმა ისრაელის კანონმდებლებს არაფორმალურად შესთავაზა მომავალ კვირას ისრაელში დაგეგმილი ვიზიტის დროს მათ მიმართოს.
ოჰანა წერილში, რომელსაც ის X-ზე აზიარებს, დონალდ ტრამპს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში შუამავლობისთვის მადლობას უხდის. წერილში ის ტრამპს „მშვიდობის პრეზიდენტს“ უწოდებს.
„დღეს ისტორიული დღეა. თქვენმა ლიდერობამ, გამბედაობამ, შეუპოვრობამ და ხედვამ არა მხოლოდ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფის შეთანხმებამდე, არამედ უპრეცედენტო რეგიონულ შეთანხმებამდეც მიგვიყვანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ერმა მიიღო. ისრაელის ხალხი თქვენ თანამედროვე ისტორიაში ებრაელი ერის უდიდეს მეგობრად და მოკავშირედ მიგიჩნევთ“, – წერს ისრაელის პარლამენტის სპიკერი.