ისრაელის მთავრობის ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი პირების პირველი ნაწილი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გათავისუფლდეს
ისრაელის მთავრობის ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი პირების პირველი ნაწილი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გათავისუფლდეს

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების პირველი ნაწილი, შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირას გაათავისუფლონ.

მანამდე ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა „ჰამასთან“ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა დაამტკიცოს.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტისა და მთავრობის სხდომა ამჟამად მიმდინარეობს.

„მთავრობის და კაბინეტის მიერ შეთანხმების დამტკიცების და ძალაში შესვლის შემთხვევაში, მძევლების გათავისუფლება შეიძლება დაგეგმილი მონახაზის მიხედვით განხორციელდეს, რომლის თანახმად, მძევლების გათავისუფლება მიმდინარე კვირას არის მოსალოდნელი“, – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესახებ კატარის პრემიერმინისტრმა 15 იანვარს გამოაცხადა.

შეთანხმება სამი ფაზისგან შედგება. მისი პირველი ფაზა ექვს კვირას უნდა გაგრძელდეს და გულისხმობს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას; ,„ჰამასის“ მიერ – ისრაელელი მძევლების, ისრაელის ციხეებიდან კი პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას; ასევე, ღაზის სექტორის საზღვრებზე ისრაელის ჯარების განთავსებას და ანკლავში მეტი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას.