ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ისრაელში „ალ-ჯაზირას“ ოპერირების აკრძალვას
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ისრაელში „ალ-ჯაზირას“ ოპერირების აკრძალვას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ისრაელში „ალ-ჯაზირას“ ოპერირების აკრძალვას.

ამის შესახებ ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუმცა „ალ-ჯაზირას“ დახურვის ზუსტი თარიღი მითითებული არაა.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, მიმდინარე წლის აპრილში ქნესეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს საშუალებას, აუკრძალოს საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ისრაელში ოპერირება იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჯერ კიდევ აპრილში, ქნესეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ განაცხადა, რომ ახალი კანონის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ იმოქმედებდა, რათა დაეხურა „ალ ჯაზირა“. ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ მაშინ „ლიკუდის“ ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ცილს სწამებდა „ალ ჯაზირას“ და საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ „ალ ჯაზირას“ რეპუტაციას, არამედ მისი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და უფლებებს მსოფლიოში.

როგორც მედია წერს, „ალ-ჯაზირა“ ისრაელის ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ისრაელი მიზანში იღებს „ალ-ჯაზირას“ ოფისებსა და პერსონალს. „გარდიანის“ ცნობით, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 მაისს დასავლეთის სანაპიროს ქალაქ ჯენინში ისრაელელმა სამხედროებმა „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტი შირინ აბუ აკლე, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ორი ჟურნალისტი მოკლეს.