ისრაელის მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეგვიპტის პრეზიდენტს უთხრა, რომ შარმ ელ-შეიხში დაგეგმილ სამიტს არ დაესწრებოდა და ანკარაში დაბრუნდებოდა, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუს სამიტზე მიიწვევდნენ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეგვიპტის პრეზიდენტს უთხრა, რომ შარმ ელ-შეიხში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს არ დაესწრებოდა და ანკარაში დაბრუნდებოდა, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამიტზე მიიწვევდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ამასთან, „სიენენის“ ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ ასევე გამოთქვა აშშ-თან წინააღმდეგობა სამიტში ნეთანიაჰუს მონაწილეობასთან დაკავშირებით. მედიასაშუალების ცნობით, ეგვიპტემ ისრაელის პრემიერ-მინისტრი სამიტზე აშშ-ის შუამავლობით მიიწვია, რასაც რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მხრიდან ბოიკოტის მუქარა მოჰყვა.
გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფათაჰ ალ-სისის თვითმფრინავიდან დაურეკა კაიროში დაჯდომამდე და უთხრა მას, რომ ის ანკარაში გატრიალდებოდა, თუ ნეთანიაჰუს სამშვიდობო სამიტზე დაუშვებდნენ.
თავდაპირველად ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ სამიტში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა მოგვიანებით ისრაელის პრემიერის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ მონაწილეობას აღარ მიიღებს საერთაშორისო სამიტში ებრაული დღესასწაულის გამო.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ერდოღანი ეგვიპტეში იმყოფება. ამასთან, ერაყული მედიის ცნობით, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანიმ ასევე გააფრთხილა ეგვიპტელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომ ის დატოვებს სამიტს, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.