ისრაელის მედია - ჩინეთის საელჩოს მიერ ისრაელის მინისტრებისთვის გაგზავნილ საჩუქრებში საეჭვო ჯაშუშური მოწყობილობები აღმოაჩინეს
ისრაელის მედია - ჩინეთის საელჩოს მიერ ისრაელის მინისტრებისთვის გაგზავნილ საჩუქრებში საეჭვო ჯაშუშური მოწყობილობები აღმოაჩინეს

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ჩინეთის საელჩოს მიერ ისრაელის მინისტრებისთვის გაგზავნილ საჩუქრებში საეჭვო ჯაშუშური მოწყობილობები აღმოაჩინეს.

როგორც მედია წერს, ჩინეთის საელჩომ ისრაელის სამთავრობო უწყებებს საჩუქრად თერმოსები გაუგზავნა, რომლებშიც გეგმური შემოწმების შედეგად, საეჭვო დეტალები აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, მომდევნო შემოწმებამ აჩვენა, რომ საეჭვო დეტალები მოსასმენი აპარატები იყო.

მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის საელჩომ საჩუქრები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში გააგზავნა, რომლის სავარაუდო ადრესატი ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ორიტ ფარქაშ ჰაკოენი იყო.  ოფიციალური პირის თქმით, თერმოსი იქამდე შეისწავლეს, ვიდრე მინისტრის ოფისში მოხვდებოდა. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური საჩუქარი ტრანსპორტის მინისტრისთვის, მერავ მიხაელისთვისაც იყო განკუთვნილი.

როგორც მედია წერს, ორივე სამინისტრო დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომლებითაც ჩინეთი არის დაინტერესებული. ისრაელის მედია იუწყება, რომ ფაქტის შესახებ ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო „შინ ბეთს“ ეცნობა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ყველა სამთავრობო დაწესებულების თანამშრომლები გააფრთხილა, გამოიჩინონ სიფრთხილე საჩუქრების მიღებისას, რომლებშიც შესაძლოა, მოსასმენი აპარატები ან კამერები იყოს დამონტაჟებული. მედიის თქმით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ინციდენტს იძიებენ.