ისრაელის მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის წინადადებით გამოვა
ისრაელის მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის წინადადებით გამოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის წინადადებით გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ნეთანიაჰუ ამ გეგმას, ისრაელის არმიის ხელმძღვანელი პირებისა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც წარადგენს.

მედიის ცნობით, ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ოჯახები ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილი ნეთანიაჰუს ინიციატივის მიმართ და მიაჩნიათ, რომ ანკლავის სრული ოკუპაცია გულისხმობს საომარი მოქმედებების სექტორის იმ ნაწილებზე გაფართოებას, სადაც მათი ახლობლები ჰყავთ დატყვევებული.

ისრაელის არმია ამჟამად ღაზის სექტორი 75%-ს აკონტროლებს. რა ბედი ეწევა ისრაელის მიერ ანკლავის სრულად ოკუპაციის შემთხვევაში ღაზის მილიონობით მცხოვრებს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, ჯერ გაურკვეველია.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობის მეთაურის განზრახვის შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც „ჰამასთან“ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და დაჯგუფების წევრებმა გაავრცელეს სამი ისრაელელი მძევლის ვიდეო, რომელშიც მძევლები სუსტად და გამოფიტულად გამოიყურებიან.