ისრაელის მედია - აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელს აცნობა, რომ ორი თვის განმავლობაში გეგმავს სირიიდან ჯარების გაყვანას
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელს აცნობა, რომ აშშ ორი თვის განმავლობაში გეგმავს სირიიდან ჯარების გაყვანას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს ისრაელის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის მთავრობა ცდილობს, სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თავიდან აცილებას, იმის შიშით, რომ ეს გააძლიერებს თურქეთს, რომელიც ღიად ცდილობს რეგიონში თავისი გავლენის გაფართოებას ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ.
ამჟამად, აშშ-ის ჯარები განლაგებულია რამდენიმე საკვანძო პუნქტში აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სირიაში. ისრაელში შიშობენ, რომ აშშ-ის ჯარების გასვლამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს თურქეთის ძალისხმევას სირიაში მეტი სტრატეგიული სამხედრო აქტივების ხელში ჩაგდების მიზნით.
ისრაელის მედიის თანახმად, ტრამპის შეთავაზებამ შუამავლობის შესახებ ისრაელსა და თურქეთს შორის ვერ დაამშვიდა ოფიციალური პირები იერუსალიმში.