ისრაელის ფინანსთა მინისტრი – საუდის არაბეთი თუ გვეტყვის, „ურთიერთობის ნორმალიზაცია პალესტინის სახელმწიფოს სანაცვლოდ“, არა, მეგობრებო, გმადლობთ, განაგრძეთ აქლემებით ჯირითი უდაბნოში

15:19, 23.10.2025

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ არ დათანხმდება საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმებას, თუ ეს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს.

„საუდის არაბეთი თუ გვეტყვის: „ნორმალიზაცია პალესტინის სახელმწიფოს სანაცვლოდ“, მეგობრებო, არა, გმადლობთ. განაგრძეთ აქლემებით ჯირითი საუდის არაბეთის უდაბნოში“, – აღნიშნა სმოტრიჩმა.

ისრაელის მედიის შეფასებით, სმოტრიჩის განცხადებამ რასისტული ტონის გამო კრიტიკა დაიმსახურა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ თვეში თეთრ სახლში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს უმასპინძლებს, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, ისრაელ-საუდის არაბეთის ნორმალიზაციის შეთანხმებას განიხილავენ.

ერ-რიადი დიდი ხანია, აცხადებს, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ იერუსალიმი დათანხმდება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

მსგავსი