ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ხუთი წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს ხუთი წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარცინ კერვინსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ფლოტილიის აქტივისტების დაკავების დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მან და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის დოკუმენტებს და პოლონეთის სისტემებში ჩანაწერები უკვე ძალაში შევიდა.
ამასთან, როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის პოლონეთის მოქალაქეებიც იყვნენ.
„პოლონელი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება… იტამარ ბენ-გვირს უკვე ოფიციალურად აეკრძალა პოლონეთში შესვლა“, – განაცხადა კერვინსკიმ.
ცნობისთვის, ოთხშაბათს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში პალესტინელების მხარდამჭერი დაკავებული აქტივისტების ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ სხედან აშდოდის პორტში ჰუმანიტარული ფლოტილიის აქტივისტები, რომლებიც ღაზის სექტორისკენ მიემართებოდნენ და ისრაელის საზღვაო ფლოტმა შეაჩერა. ფლოტილიის წევრებს ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული და თავდახრილი არიან. კადრებში ჩანს, რომ ბენ-გვირი მათ შორის დადის ისრაელის დროშით და ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, ჩვენ ვართ აქ ბატონ-პატრონები“. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „ასე ვესალმებით ტერორიზმის მხარდამჭერებს“.
ფლოტილია სახელად „სუმუდი“, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთები უნდა ჩაეტანა, 14 მაისს თურქეთის ქალაქ მარმარისიდან გავიდა და 18 მაისს ისრაელის საზღვაო ძალებმა საერთაშორისო წყლებში, ღაზიდან დაახლოებით 250 საზღვაო მილის დაშორებით შეაჩერეს. ორგანიზატორების თქმით, 40-ზე მეტი ქვეყნიდან 428 ადამიანი დააკავეს.