ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს
ულტრამემარჯვენე პარტია „ებრაული ძალის“ ლიდერი იტამარ ბენ-გვირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის დამხობით დაემუქრა.
როგორც ბენ-გვირი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარე კაბინეტის სხდომაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებით არის განპირობებული.
„ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლების სასიხარულო ამბავთან ერთად, არ ვივიწყებთ ომის მთავარ მიზანს, რომელიც თავიდანვე განისაზღვრა: უზრუნველყოფა იმისა, რომ ეს კატასტროფა აღარ განმეორდეს „ჰამასის“ მმართველობის ჩამოშორების გზით. ბოლო დღეებში ჩემსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული საუბრების დროს ნათლად განვაცხადე, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები იმ მთავრობის ნაწილი, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის გაგრძელებას დაუშვებს. ეს მკვეთრ წითელ ხაზს წარმოადგენს. თუ „ჰამასის“ მმართველობა არ დაიშლება, ან თუ მხოლოდ გვეტყვიან, რომ ის დაშლილია, მაშინ როცა პრაქტიკაში ის სხვა საფარქვეშ განაგრძობს არსებობას, „ებრაული ძალა“ მთავრობას დაშლის“, – განაცხადა ბენ-გვირმა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, თუ ბენ- გვირი და ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი დატოვებენ ამჟამინდელ 60-ადგილიან ფრაქციას, ნეთანიაჰუს 120-ადგილიან ქნესეთში მხოლოდ 47 ადგილი დარჩება, რაც შესაძლოა ახალი არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდეს.
ცნობისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწყებასთან დაკავშირებით ისრაელის კაბინეტის სხდომაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს.