ისრაელის ელჩი - შუა აღმოსავლეთში ისრაელი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია, რწმენის თავისუფლებით ისარგებლოს, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას
ისრაელის ელჩი - შუა აღმოსავლეთში ისრაელი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია, რწმენის თავისუფლებით ისარგებლოს, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას

იყო ცრუ ახალი ამბების კამპანია, სხვადასხვა ვიდეო გავრცელდა, ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ ისრაელი უკრძალავდა მუსლიმებს ალ-აქსას მეჩეთში შესვლას, ეს აბსოლუტური სიცრუეა, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, გასული ხუთშაბათიდან ისრაელზე თავდასხმები ხორციელდება. ჩვენი დღესასწაულის პირველი დღე დაიწყო ლიბანიდან განხორციელებული იერიშით. იმავე ღამეს შეტევა განხორციელდა ღაზის სექტორიდან, პარასკევს კი ვნახეთ ორი ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც, სამწუხაროდ, ორი ახალგაზრდა, დები დაიღუპნენ, დღეს კი გავიგეთ, რომ მათი დედაც დაიღუპა. ასევე, დაიღუპა იტალიის ერთი მოქალაქე, რომელიც ტურისტული მიზნებით იყო ჩამოსული თელ-ავივში. შაბათს ღამით კი ვნახეთ რაკეტები სირიიდან. ამ ყველაფრის დამაკავშირებელი არის „ჰამასი“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

მისივე თქმით, შუა აღმოსავლეთში ისრაელი ერთადერთი ადგილია, სადაც რწმენის თავისუფლება დაცულია.

„რაც შეეხება ტაძრის მთას, ეს ძალიან წმინდა ადგილია. შუა აღმოსავლეთში ისრაელი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია, რწმენის თავისუფლებით ისარგებლოს, იქნება ქრისტიანი, მუსლიმი, ებრაელი თუ რომელიმე სხვა რელიგიის მიმდევარი. დღესასწაულების პერიოდში, როდესაც რამადანი და ფესახი ერთდროულად გვაქვს, ჩვენთან ბევრი ადამიანი ჩამოდის ერთსა და იმავე ადგილას. რამადანის პირველ კვირას ათასობით მუსლიმი მორწმუნე მივიდა ტაძრის მთაზე, ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა. რაც პარასკევს მოხდა, იყო მორწმუნეების უმცირესობა, რომლის მიზანიც იყო, არ შეეშვათ არამუსლიმი მორწმუნეები. მათ ჰქონდათ ქვები, აღმართეს ბარიკადები და დღის ბოლოს ისრაელის პოლიცია იძულებული გახდა, შესულიყო ალ-აქსას მეჩეთში, რათა ეს აღეკვეთა. რაც შემდეგ ვნახეთ, იყო ცრუ ახალი ამბების კამპანია. სხვადასხვა ვიდეო გავრცელდა. ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ ისრაელი უკრძალავდა მუსლიმებს იქ შესვლას, ეს აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას. ამ მომენტისთვის სიტუაცია დასტაბილურდა და იმედი გვაქვს, რომ ასე შენარჩუნდება დღესასწაულების დასრულებამდე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პერიოდისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა.