ისრაელის ელჩი - ისრაელს და ევროკავშირს ზოგჯერ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ზეწოლა, ყველა გზავნილი უნდა მიემართებოდეს „ჰამასს“
ისრაელის ელჩი - ისრაელს და ევროკავშირს ზოგჯერ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ზეწოლა, ყველა გზავნილი უნდა მიემართებოდეს „ჰამასს“

ისრაელს და ევროკავშირს ზოგჯერ აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ყველა ზეწოლა, ყველა გზავნილი უნდა მიემართებოდეს „ჰამასს“, ის არის, ვისაც ჩვენი ხალხი ჰყავს დატყვევებული, ვისაც მოაქვს ნგრევა, 7 ოქტომბერი მათი ნამოქმედარია, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.

მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია ერი, რომელიც საკუთარი სახლებიდან თავისი მოქალაქეების გატაცებას უპასუხოდ დატოვებდა.

„ისრაელსა და ევროკავშირს, მთლიანად ევროპას, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ, დიახ, ჩვენ ზოგჯერ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობაც. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ზეწოლა, ყველა გზავნილი უნდა მიემართებოდეს „ჰამასს“, ის არის, ვისაც ჩვენი ხალხი ჰყავს ამ დრომდე დატყვევებული. „ჰამასია“ ის, ვისაც მოაქვს ნგრევა, 7 ოქტომბერი მათი ნამოქმედარია. მათი ინიციატივით მოხდა თავდასხმა, ვერ წარმომიდგენია ერი, რომელიც საკუთარი სახლებიდან თავისი მოქალაქეების გატაცებას უპასუხოდ დატოვებდა და იტყოდა, კარგი, არაფერს ვიზამთ მათ დასაბრუნებლადო. ყველას, ვისაც ამ ომის დასრულება უნდა, მაქსიმალური ზეწოლა უნდა განახორციელოს მძევლების დასაბრუნებლად“, – განაცხადა

მისი თქმით, ღაზის სექტორში მიმდინარე კვირიდან ჰუმანიტარული დახმარება შედის, თუმცა ადრეც შედიოდა.

„მიმდინარე კვირიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შედის, ის მანამდეც შედიოდა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ხალხი, დავაბრუნოთ ისინი. გვჯერა, რომ ქვეყნების უმეტესობას, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებსაც, კვლავაც ძალიან კარგად ესმით ეს“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 20 მაისს ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვა მოითხოვა. მისი თქმით, ისრაელმა უნდა მოხსნას ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადა.

მანამდე დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.