ისრაელის დაზვერვის სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით, თურქეთში შვიდი ადამიანი დააკავეს
ისრაელის დაზვერვის სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით, თურქეთში შვიდი ადამიანი დააკავეს

ისრაელის დაზვერვის სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით, თურქეთში შვიდი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია თურქეთის „ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციამ“ და სტამბოლის პოლიციამ ჩაატარეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი არის ჰამზა ტურჰან აიბერკი, ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც მონაწილეობდა დილის სატელევიზიო გადაცემებში. მას „მოსადი“ დაუკავშირდა თავისი აგენტის მეშვეობით, სახელად „ვიქტორია“. თურქეთის დაზვერვამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი ინფორმაციას ფულის სანაცვლოდ გასცემდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აიბერკმა ჩამოაყალიბა გუნდი, მათ შორის საჯარო მოხელეები, რათა მიეწოდებინათ ინფორმაცია „მოსადისთვის“. მთავარმა ეჭვმიტანილმა მიღებული ინსტრუქციებით შეაგროვა ინფორმაცია თურქეთში მცხოვრები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების და მომუშავე კომპანიების შესახებ.

აიბერკს „მოსადმა“ 2019 წელს ბელგრადში ჩაუტარა სწავლება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ. ჰამზა ტურჰან აიბერკი იყენებდა საიდუმლო კომუნიკაციის აპლიკაციებს „მოსადის“ ხელმძღვანელობით, ის ასევე იღებდა ანაზღაურებას კრიპტოვალუტაში, რათა ისინი არ ასახულიყო ოფიციალურ ჩანაწერებში.