ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ, ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზაობა გამოთქვა
ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ, ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზაობა გამოთქვა

სუნიტური რადიკალური ორგანიზაცია „ჰამასი“, რომელიც ღაზას სექტორს 2007 წლიდან აკონტროლებს და ისრაელს განადგურებით ემუქრება, ცეცხლის შეწყვეტის ზავის მისაღწევად მზადაა. ეს გადაწყვეტილება „ჰამასმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის ავიაციამ მათი პოზიციები დაბომბა.

„ჰამასის“ პრესსპიკერმა ფაუზი ბარხუმმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ გაეროსა და ეგვიპტის მთავრობის მედიატორობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავის დასადებად ისრაელთან „ჰამასი“ მზად არის.

წუხელ განხორციელებულ ისრაელის ავიაიერიშს ღაზას სექტორში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ბოლო დროს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით „ჰამასის“ მებრძოლებმა 30-მდე რაკეტა გაუშვეს, რასაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ჰამასის იარაღის საწყობების ნაწილის განადგურებით და მუქარის შემცველი გზავნილით უპასუხა. ამის მიუხედავად, ჰამასის წევრებმა ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ 20 ივლისის ღამეს ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა. სამიზნე რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ ობიექტები იყო.