ისრაელის ავიაციამ სირიის თავდაცვით სისტემებსა და ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა
ისრაელის ავიაციამ სირიის თავდაცვით სისტემებსა და ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა

სირიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ისრაელის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელის ავიაციამ სირიის თავდაცვით სისტემებსა და სირიაში არსებულ ირანულ სამიზნეებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. გავრცელებული ცნობით, განადგურებულია 12 სამიზნე.

რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის კუთვნილი ავიაგამანადგურებელი F-16 სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.

სამხედრო თვითმფრინავში მყოფმა ორივე მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ორივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის მოტეხილობები აღენიშნება.

ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში განიცადა. გავრცელებული ცნობით, F-16 ჰაერში ირანული უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად აიჭრა, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცე სირიის ტერიტორიიდან დაარღვია.