ისრაელი „კოვიდ-19“-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან დაიწყებს
ისრაელი „კოვიდ-19“-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან დაიწყებს

ისრაელი კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან დაიწყებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ადამიანი, ვინც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, მწვანე პასპორტს მიიღებს და მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას, მით უფრო მეტად გაიხსნება ეკონომიკა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ვაქცინაციას, ეს კარგი ახალი ამბავია ეკონომიკისთვის და ხალხისთვის“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, იული ელდეშტეინმა.

ისრაელმა „კოვიდ -19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა გუშინ მიიღო. ვაქცინას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აეროპორტში დახვდა.

„მე მჯერა ამ ვაქცინის. ველოდები, რომ ის შესაფერის ნებართვას მიიღებს და მსურს, მოსახლეობამ ის გაიკეთოს. მე ვიქნები მათთვის მაგალითი და ქვეყანაში პირველი ადამიანი, ვინც ამ ვაქცინას გაიკეთებს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“- ის 351 104 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 934 ადამიანი.