ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას ორი პალესტინელი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას ორი პალესტინელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ორი პალესტინელი ახალგაზრდა ემსხვერპლა ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის სამედიცინო დაწესებულებები ავრცელებენ.

ისრაელ-პალესტინას შორის დაძაბულობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის 6 დეკემბერს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებამ გაამწვავა. შეტაკებები ღაზის საზღვართან და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა.

16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა და კიდევ ორი დაიჭრა ღაზის სექტორის გამყოფ გალავანთან მომხდარი დაპირისპირებისას. პალესტინელები ისრაელელ სამხედროებს ქვებს ესროდნენ, რასაც საპასუხოდ, სროლა მოჰყვა. ისრაელის სამხედრო შენაერთების პრესსპიკერის თქმით, ჯარისკაცებმა ჯერ გამაფრთხილებლად ჰაერში გაისროლეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ქვების სროლა არ შეწყდა, სამ მთავარ თავდამსხმელს პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს.

ასევე 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს შეტაკებების დროს დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში. ამის შესახებ ინფორმაცია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

6 დეკემბრის შემდეგ გამწვავებულ კონფლიქტს ჯამში 17 პალესტინელისა და ერთი ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა.