ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ შეტევებს, სირიის რეჟიმმა უნდა მისცეს დრუზებს თავისუფლება სუვეიდაში და გაიყვანოს თავისი ძალები რეგიონიდან
ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ შეტევებს. სირიის რეჟიმმა უნდა მისცეს დრუზებს თავისუფლება სუვეიდაში და გაიყვანოს თავისი ძალები რეგიონიდან, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ შეტევებს სირიის ძალებზე, ვიდრე ისინი არ დატოვებენ რეგიონს.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ და გავაფრთხილეთ ისინი – ისრაელი არ მიატოვებს სირიელ დრუზებს და მკაცრად დაიცავს დემილიტარიზაციის პოლიტიკას, რომელიც ჩვენ მიერ იყო მიღებული. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ შეტევებს რეჟიმის ძალებზე, ვიდრე ისინი არ დატოვებენ რეგიონს“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
როგორც ისრაელის მედია წერს, რამდენიმედღიანი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 248 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ავიადარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ ძირითადად დრუზებით დასახლებულ ქალაქში, სადაც ორი დღის განმავლობაში დრუზებსა და ბედუინურ ტომებს შორის სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სუვეიდის რეგიონში იერიშის ბრძანება გასცა, რადგან სირიის მთავრობას სამთავრობო ძალების გამოყენება დრუზების წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი არ დაუშვებს დრუზებისთვის ზიანის მიყენებას სირიაში, რადგან მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ისრაელსა და გოლანის მაღლობებზე მცხოვრებ დრუზებთან.