ისრაელ კაცი – ღაზიდან პალესტინელების მასობრივი ემიგრაციის ხელშეწყობის გეგმები კვლავ განხილვის პროცესშია, დონალდ ტრამპმა ისინი უბრალოდ გაყინა
ღაზიდან პალესტინელების მასობრივი ემიგრაციის ხელშეწყობის გეგმები კვლავ განხილვის პროცესშია და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისინი უბრალოდ გაყინა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო ჯამში, ამ მიგრაციის გარეშე ღაზის პრობლემის რეალური გადაწყვეტა არ არსებობს.
„80 პროცენტს ემიგრაცია სურს. ჩვენ ამას ყველანაირი გამოკითხვით ვამოწმებთ.
„ჰამასი“ მათ არ უშვებს და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყნები, რომლებიც მათ მიიღებენ. ყველა ქვეყანას, რომელიც მზადაა, ამერიკის მხარდაჭერა სურს. ამ ეტაპზე ტრამპმა ის არ გააუქმა; მან ის გაყინა. ამ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლის გამო ყველა არაბული ქვეყანა მასთან მივიდა და უთხრა: ჩვენ მოგცემთ იმას, რაც გსურთ – ინვესტიციებს. ჩვენ მოგცემთ „ჰამასის“ განიარაღებას მისი გაყინვის სანაცვლოდ“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.
კითხვაზე, თუ როდის დადგება ღაზიდან მოსახლეობის გაყვანის მომენტი, ისრაელ კაცმა უპასუხა: „როდესაც გაირკვევა, რომ „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს აშშ-ის გეგმის მიხედვით, რომელიც სექტორთან დაკავშირებით არსებობს“.