ისრაელ კაცი – ერდოღანისთვის უკეთესი იქნება, ისრაელის წინააღმდეგ აბსურდული განცხადებების გაკეთება თურქეთის პარლამენტში გააგრძელოს, ვიდრე ისრაელის თავდაცვისუნარიანობის გამოცდას შეეცადოს

10:52, 20.08.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს სირიაში „სახიფათო თავგადასავლებში ითრევს“.

„ისრაელი არ დაუშვებს, რომელიმე ძალამ მის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. ერდოღანისთვის უკეთესი იქნება, ისრაელის წინააღმდეგ ცარიელი და აბსურდული განცხადებების გაკეთება თურქეთის პარლამენტში გააგრძელოს, ვიდრე ისრაელის თავდაცვისუნარიანობის გამოცდას შეეცადოს“, – წერს ისრაელ კაცი.

ისრაელ კაცის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სირიის იდლიბის რეგიონში ძველი აეროდრომის ტერიტორია სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა. მოგვიანებით სირიის ხელისუფლებამ სამხედრო აგრესიაში ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელის განცხადებით, ბაზაზე თურქეთის სამხედრო ძალების გაძლიერება მიმდინარეობდა.

აღნიშნულ ბრალდებას სირიისა და თურქეთის ხელისუფლებები უარყოფენ.

მსგავსი