ისრაელ კაცი – დონალდ ტრამპმა, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, ირანისა და ლიბანის კონფლიქტები ერთმანეთს დაუკავშირა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს ირანისა და ლიბანის ომების ერთმანეთთან დაკავშირება მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამ კონფლიქტების ცალ-ცალკე განხილვას ემხრობოდა.
ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ „ნანობს“ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდა“.
„შეერთებული შტატები ძალიან იყო დაინტერესებული ირანთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის წინ წაწევით და ლიბანში არსებული ვითარება ამისთვის დაბრკოლებად მიაჩნდა“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.
მისივე თქმით, ისრაელს ლიბანში „ტერიტორიული ამბიციები არ აქვს“, თუმცა ქვეყანა, აშშ-ის მხარდაჭერით, იქ რჩება მანამ, სანამ „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელი მზად არის ირანთან ომი განაახლოს, თუ ტრამპი ჩათვლის, რომ მოლაპარაკებები ჩავარდა ან თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება.