ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 17 დეკემბერს განახლდება
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 17 დეკემბერს განახლდება

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის წინასასამართლო სხდომა 17 დეკემბერს, 11:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შუამდგომლობები წარმოადგინეს მტკიცებულებების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე. დაცვის მხარემ გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის თანაშემწის, ზაალ ზაალიშვილის ჩვენების ბათილად ცნობა იმ მოტივით მოითხოვა, რომ ადვოკატების განცხადებით, ის ირიბი მოწმეა. ამასთან, ადვოკატებმა იშუამდგომლეს, რომ ბათილად იქნას ცნობილი ბრალდებულ აკაკი კობალაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მათი თქმით, არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერაა, ამოღებული საბრძოლო მასალა კი სახლში სამართალდამცველებმა მიიტანეს.

ცნობილია, რომ დაცვის მხარე ითხოვს ამ საქმეზე „ქართული ოცნების“ წევრების, ბექა დავითულიანის და გიორგი ხელაშვილის დაკითხვას, მათ მიერ ამ საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე.

ბრალდების მხარემ კი პროცესზე დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხიდან რამდენიმე პირის ამორიცხვის შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის ბექა დავითულიანისა და გიორგი ხელაშვილის.

ადვოკატებისა და პროკურორის შუამდგომლობებზე მოსამართლის გადაწყვეტილება შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი.

„არ ვეთანხმები დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარის მოწმეთა ნუსხიდან სამი პირის ამორიცხვის თაობაზე. სასამართლოში იკითხებიან ის პირები, ვისაც გარკვეული შემხებლობა აქვთ სისხლის სამართლის საქმესთან. მაგალითად, ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას, ან მონაწილეობდნენ საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებში. პირები, რომელთა ამორიცხვაც ბრალდების მხარემ მოითხოვა დაცვის მხარის მოწმეთა სიიდან, არიან ის პირები, რომლებიც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნებიან ინფორმატიულები და მათი შემხებლობა სისხლის სამართლის საქმესთან არ დასტურდება. სწორედ ამიტომ ითხოვს ბრალდების მხარე მათ ამორიცხვას დაცვის მხარის მოწმეთა სიიდან. მოსამართლე ამ საკითხზე სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს“, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.