ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მეგობარი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თედო გობეჯიშვილს თანამდებობის ხმაურიანი დატოვება შესთავაზეს და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიჭერდნენ
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მეგობარი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თედო გობეჯიშვილს თანამდებობის ხმაურიანი დატოვება შესთავაზეს და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიჭერდნენ

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მისი მეგობარი და თანაშემწე, ზაალ ზაალიშვილი გამოკითხეს.

როგორც ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ზაალიშვილმა განაცხადა, მან გობეჯიშვილი გუშინ საღამოს ნახა და გვიან ღამემდე ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც ზაალიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, შეხვედრისას თედო გობეჯიშვილმა მას უამბო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა პირებმა – აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ თანამდებობიდან ხმაურით წასვლა და 50 ათასი დოლარი შესათავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააფრთხილეს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პატიმრობა ემუქრებოდა.

ზაალ ზაალიშვილის ინფორმაციით, თედო გობეჯიშვილი ამ პირებთან შეხვედრის შემდეგ აღელვებული იყო.

ის არ გამორიცხავს, რომ გობეჯიშვილის გარდაცვალება მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს.

„თედო გობეჯიშვილმა გუშინ საღამოს დამირეკა, იყო ძალიან აღელვებული და მთხოვა პირადად შეხვედრა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაეზიარებინა. შეხვედრის დროს მითრა, რომ მას დაუკავშირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები – აკაკი კობალაძე და აკაკი ზუსკივაძე და შეხვედრა სთხოვეს. თედო გობეჯიშვილს მათთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და უარი არ უთქვამს. შეხვდნენ და შედგა საუბარი, რაზეც თედო ძალიან აღელვებული. მათ უთხრეს: ხომ ხედავ, ვანო ბურდულთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, მან უკვე დატოვა ცესკო-ს რიგები და შენც თუ ხმაურით წამოხვალ დაკავებული თანამდებობიდან, 50 ათას დოლარს შემოგთავაზებთო, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. ამის შემდეგ გადავიდნენ მუქარაზე, ანუ მათ უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში და მას დააპატიმრებდნენ. ჩვენ კი ვართ მეგობრები, მაგრამ ვერაფრით ვეღარ გიშველითო“, – განაცხადა ზაალ ზაალიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის და მუქარის შესახებ, მათ შეატყობინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.