ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

„კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არსებობდა, მთელი რიგი პრობლემების გამო, ცენტრალური გზა ჩავარდნილი იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ყველაფერი ფუნდამენტურად მოწესრიგდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და სანიაღვრე სისტემას, შეიცვალა გარე განათების ბოძებიც. ასევე, ელექტროსადენები, მიწის ქვეშ განთავსდა. დარჩენილია საგზაო მონიშვნების დახაზვა, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესრულდება. აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზა, დღეს სრულად არის რეაბილიტირებული, ისევე, როგორც ევროპულ ქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციებს, წყალარინების ქსელსა და სანიაღვრე სისტემას ჩაუტარდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აწარმოა. ასევე, მთლიანად შეიცვალა გარეგანათები სსისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 733 000 ლარი დაიხარჯა.