ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია დასრულებულია
ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია დასრულებულია

ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციისა და მათ მხარდამჭერთა აქცია დასრულებულია.

ტერიტორიაზე ამ დროისთვის ჯერ კიდევ რჩებიან სამართალდამცველები.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა, მათ შორის ისნის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოძემ ინგოროყვას კლინიკაში გადაინაცვლა.

როგორც ხატია დეკანიოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებული ორი პირი მოინახულა.

დეკანოიძის ინფორმაციითვე, აქციაზე სულ 10 პირი დააკავეს, რომელთაგან სამი უკვე თავისუფალია, შვიდი პირი კი იზოლატორშია გადაყვანილი. გათავისუფლებულებს შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძეც, რომელიც ხატია დეკანოიძესთან ერთად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა.

„ორი დაშავებულია იმ განუკითხაობის შედეგად, რაც იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. წარმოუდგენელი ძალადობა იყო. დაკავებული იყო ათამდე ადამიანი და ახლა შვიდი ადამიანი გადაყვანილი ჰყავთ იზოლატორში. ერთი დაშავებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი ამ ეტაპზე, მაგრამ კიდევ დამატებითი კვლევები უტარდება. ტვინის შერყევა აქვს პირველი დიაგნოზით. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩაარტყა წიხლი საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა დამკვირვებელმა „ქართული ოცნებიდან“. მეორე დაშავებულია პირი, რომელსაც ასევე პოლიციის ძალადობის შემდეგ ჰქონდა მძიმე დაბეჟილობა მხარზე. მასაც უტარდება კვლევები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ​.