ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა, სასტუმროში გადაიყვანენ
ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა, სასტუმროში გადაიყვანენ

საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირი იყო დაგროვილი.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად ერთმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა, რამდენიმემ კი სხვადასხვა სახის დაზიანება.

„ამ ეტაპისთვის ერთადერთი ეჭვი რაზეც გვაქვს, რაზეც ფაქტობრივად ყველა ნიშანი მეტყველებს, არის ის, რომ ფაქტია, ამ ბინაში იყო გაზის დაგროვება და რაღაცის პროვოცირების შედეგად მოხდა ამ დაგროვილი გაზის აფეთქება. გაჩნდა ხანძარი, ერთმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა, დანარჩენმა სხვადასხვა ბინაში მსუბუქი სახის სხვადასხვა დაზიანება“, – აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.

ამასთან, კახაბერ ლაბუჩიძის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის მცხოვრებლებს სასტუმროში გადაიყვანენ.

„ყველა სამსახური არის მაქსიმალურად მობილიზებული. ახლა ადგილზე მოვა თბილისის ლაბორატორია შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით. ამაზეც დილამდე გვექნება ინფორმაცია. თუ მოგვცემენ უფლებას, შევლენ, ღამეს გაათენებენ, თუ არადა, თუ საჭიროება იქნება, ნებისმიერი მათგანი იქნება გადაყვანილი სასტუმროში. დღეს მოვა ჯგუფი, ყველაფერი შემოწმდება“, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

შეგახსენებთ, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე მოხდა აფეთქება, რამაც ხანძარი გამოიწვია.