ისნის გამგებელი - ხანძრის შედეგად დამწვარია „ჯორჯიან პროდაქსის“ საწყობი, სადაც შინაური ცხოველების ავეჯს აწარმოებდნენ
ისნის გამგებელი - ხანძრის შედეგად დამწვარია „ჯორჯიან პროდაქსის“ საწყობი, სადაც შინაური ცხოველების ავეჯს აწარმოებდნენ

ისნის რაიონის გამგებლის,  კახა ლაბუჩიძის ინფორმაციით, თბილისში, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარია „ჯორჯიან პროდაქსის“ საწყობი, სადაც დაზგებთან ერთად საღებავებიც ინახებოდა. ამის შესახებ გამგებელმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.

„ამ კომპანიას ჰქონდა რამდენიმე საწყობი. იქ სადაც ძვირადღირებული დანადგარები იყო, გაჩნდა ცეცხლი. ცეცხლი ლიკვიდირებულია. საცხოვრებელი სახლები ხანძრის ადგილთან ახლოს არ არის. არც სხვა საწყობებზე გადასულა ცეცხლი. ზარალის ზუსტი ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია“,- განაცხადა გამგებელმა.

მას არ აქვს ინფორმაცია, დაზღვეულია იყო თუ არა საწარმო. გამგებლის ინფორმაციით, კომპანია შინაური ცხოველების ავეჯს აწარმოებდა.

თბილისში, გიორგი ნადარეიშვილის 61 ნომერში, ერთსართულიანი საწყობის შენობაში ხანძრის შედეგად 2000 კვ.მ-ზე მეტი ფართი დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.