ისნის გამგებელი - ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია
ისნის გამგებელი - ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია

ლაბორატორიის ექსპერტების დასკვნით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში ცხოვრება საფრთხისშემცველი არ არის, – ამის შესახებ ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კორპუსის მცხოვრებლებს, რომლებიც სასტუმროში იმყოფებიან, სახლებში ეტაპობრივად დააბრუნებენ.

„ლაბორატორიის ექსპერტებმა დღეს თქვეს, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. აქ ცხოვრება საფრთხისშემცველი არ არის. რა თქმა უნდა, ახლა შესაბამის პროცედურებს გავივლით და იმ ადამიანებს, რომლებიც გვყავს სასტუმროში, სახლებში ეტაპობრივად დავაბრუნებთ. ეს შეიძლება მოხდეს დღეს დღის ბოლოდან ან ხვალ დილიდან.

ამასთან, მანამდე „თელასი“ gwp „ყაზტრანსგაზი“ შეასრულებენ თავიანთ სამუშაოებს, რომ ყველაფერი იყოს გადამოწმებული და ამის შემდეგ შეუშვებენ ამ ადამიანებს. დაბრუნდება 15 ოჯახი.

რაც შეეხება კომპენსაციასა და თანხებს, ეს არის დროის ამბავი და, ალბათ, მომავალი კვირიდან დაიწყება ეს სამუშაოები“, – განაცხადა ისნის გამგებელმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.